ხვალ გუდაურში ახალი საბაგირო გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში ახალ საბაგიროს 23 დეკემბერს გახსნის. 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუდაურში დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის საბაგირო, რომლის მშენებლობა განახორციელა   “Black sea Group”-მა.  ახალი საბაგიროს ღირებულება  20 მილიონი ლარია.

გუდაურის კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია იმ პირთა დაჯილდოება, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.

კომენტარის დატოვება