,,ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია” – ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრი

ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრმა პაულო გუედესმა განაცხადა, რომ ქვეყანა გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მაგრამ მოსკოვისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

ამის შესახებ გუედესმა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი აზრით, რუსეთი არ უნდა გაირიცხოს მრავალმხრივი საერთაშორისო ორგანოებიდან, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რადგან, მისი თქმით, ეს „გაანადგურებს ურთიერთობის ხიდებს“ და „ეკონომიკურ ომს გამოიწვევს“.

„ბრაზილია წინააღმდეგია ომისა და სანქციების, მათ შორის კონსტიტუციურად. ჩვენ მხარს დავუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სანქციების მოხსნას“, – განაცხადა პაულო გუედესმა.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა ბრაზილიას წერილი გაუგზავნა და სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და დიდ ოცეულში დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაპირისპირებაში მხარდაჭერა სთხოვა.