არ უნდა დავკომპლექსდეთ, ჩვენ ვართ არა „ომის პარტია”, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა” არა „ომის პარტია”, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება.

„არ უნდა დავკომპლექსდეთ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ „ომის პარტია”. ჩვენ ვართ არა „ომის პარტია”, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ვხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი 2008 წელს და საქართველოს სხვა რეგიონები. ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება. ჩვენ არ გვჭირდება ომი და სხვა რამ, ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ერთიანობა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის დაცვის მხარე აცხადებს, რომ არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისევ გრძელდება.  სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მოუწოდა ამ საკითხით დაინტერესდეს.

პროკურორის განცხადებით, თუ სასამართლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ეჭვი გაუჩნდება, ბრალდების მხარე წინააღმდეგ არ წავა თუ სასამართლო ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს.

მხარეთა მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს დაავალა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართებოდა.