ბექა დავითულიანი – რამდენიც მიხეილ სააკაშვილს ან მისი გუნდის წევრს მოუნდება და თავში რაღაც მოუვლის, იმდენი არჩევნები ვერ დაინიშნება

არ შეიძლება პროვოკაციები, როდესაც რეგიონში ასე დაძაბული ვითარებაა და სამეზობლოში დენთის სუნია, ამიტომ ეძახიან “ომის პარტიას”, რომ ასეთ პროვოკაციებზეა წამსვლელი და იმის მთქმელი, რისი თქმაც ახლაც ზუსტად იცის, რომ არ შეიძლება,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ამ ძალიან რთულ პერიოდში არის ისტორიული შანსი და ფანჯარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის”.

რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან საზოგადოებისთვის აქციებისკენ მოწოდებას და ოპოზიციის მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე საუბრის გააქტიურებას, დავითულიანი ამბობს, რომ არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება.

„საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულია 2024 წელს, კონსტიტუციით ასეა გათვალისწინებული და ჩატარდება 2024 წელს. რამდენიც მიხეილ სააკაშვილს ან მისი გუნდის წევრს მოუნდება და თავში რაღაც მოუვლის, იმდენი არჩევნები ვერ დაინიშნება. ამის საფუძველი არ არსებობს. ეს საკითხი მათ თავში ყოველთვის აქტიურია და ხანდახან ამბობენ კიდეც ამას”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.