ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გერმანიაში მიმავალი მატარებელი საქართველოზეც გაივლის

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა.

მათივე ცნობით, ახალი მარშრუტი სარკინიგზო და საზღვაო გზებით, კასპიისა და შავ ზღვებს კვეთს. პირველი შემადგენლობა ამ სარკინგზო ხაზით ტვირთი 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გააგზავნეს. მატარებელს გადააქვს სპორტული პროდუქცია.

ამასთან, გამოცემა „რეილ ფრეითი“  ( railfreight)  წერს, რომ ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გერმანიაში მიმავალი მატარებელი საქართველოზეც გაივლის.

„პირველი მატარებელი, რომელიც 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გერმანიის ქალაქ მანჰაიმისკენ დაიძრა, გადაიტანს ტანსაცმელს, სპორტულ ინვენტარსა და სხვა საგნებს.

მატარებელი ყაზახეთის პორტ აქტაუმდე მივა, შემდეგ ტვირთს კასპიის ზღვის გავლით ბორნით გადაიტანენ ბაქომდე და შემდეგ ისევ რკინიგზით საქართველოში, ფოთის პორტში. ფოთის პორტიდან ტვირთს ისევ ბორნით გადაიტანენ რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცაში, შემდეგ ის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით, ისევ რკინიგზით ჩავა გერმანიაში“, – წერია სტატიაში.

„ბევრი კომპანია მუშაობს ალტერნატიული გამოსავლის გზებზე. მაგალითად, Gansu Wuwei-ი ფოთის პორტთან თანამშრომლობით ასევე ახორციელებს ანალოგიური მარშრუტით ტვირთების გადაზიდვას და აფართოებს მარშრუტს ბუდაპეშტამდე შიდა რკინიგზისა და შიდა საზღვაო გადაზიდვების გამოყენებით“, – წერია გამოცემაში.