NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, 2022 წლის თებერვლის თვეში გამოკითხულთა 26%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, მარტის თვეში ჩატარებული კვლევისას კი ეს მონაცემი 22%-ს შეადგენს.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა თებერვალსა და მარტში, 7-7% -ის აზრით, მის შეხედულებასთან ახლოს სწორედ ეს პარტია დგას.

თებერვალში გამოკითხულთა 7%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, ხოლო მარტში ეს მონაცემი 6%-ს შეადგენს.

თებერვალში გამოკითხულთა 60%, ხოლო მარტში გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მის შეეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას ან არ აქვს კითხვაზე პასუხი.

ამასთან, როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.