,,ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ” – ქადაგიშვილი არახამიაზე

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, უკრაინის მმართველი პარტიის „სლუგა ნაროდას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს დავით არახამიას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის შეფასებით, დავით არახამიას განცხადებებმა თვითლუსტრაციის როლი შეასრულა და მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ „ის არის მოკავშირე რგოლი და მაკოორდინირებელი, ვინც ომის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლების ამდაგვარ ნაწილს აერთიანებს“.

„როგორც კი შედგა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და ყოველივე ეს გაუგებრობების დასასრულის მომასწავებელი იყო, მაშინვე ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე შესრულებული ვიზიტი და ამ ვიზიტის შედეგად გაკეთებული განცხადებები, სადაც კიდევ ერთხელ, ყოვლად უსაფუძვლოდ და სრულიად დამაზიანებლად ადანაშაულებს საქართველოს რუსეთის მომარაგებაში. ამ პირობებში, თუ ვინმეს ინტერესებში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვა და გაფუჭება, სწორედ რუსეთია. ამას ემსახურება არახამიას განცხადებები და ქმედებები. კარგი იქნება თუკი თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს. საქართველო უკრაინასთან ურთიერთობაში არის მართალი და გულწრფელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.