„ოცნება“ რუსეთის მხარეზეა“, ეს ნარატივი შემთხვევით დასავლეთმა რომ დაიჯეროს და სანქციები დააწესოს, მაშინ რა ხდება ქვეყანაში? – ვახტანგ მეგრელიშვილი

„ოცნება“ რუსეთის მხარეზეა“, ეს ნარატივი შემთხვევით დასავლეთმა რომ დაიჯეროს და სანქციები დააწესოს, მაშინ რა ხდება ქვეყანაში,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირს დავით არახამიას მხოლოდ საქართველოს პარლამენტში ეძახიან „ნაცს“.

„როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, მუდმივად ვლაპარაკობდით, რომ ეს კრიზისი რაღაც თვალსაზრისით ჩვენამდე მოაღწევდა და აუცილებლად გავლენას იქონიებდა.

თქვენი რიტორიკა, როგორც „ქართული ოცნების“ წევრები მოიხსენიებთ, უკრაინის ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს, იგივე დავით არახამიას, რომელიც უკრაინის სახელით საერთაშორისო შეხვედრებზე გამოდის და ფაქტობრივად უკრაინას წარმოადგენს… ჩვენ კი საქართველოს პარლამენტში ამ ადამიანს „ნაცს“ ვეძახით და ვაბრალებთ, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა.

მეორე მოვლენა, რომელიც დასვენების დღეებში მოხდა, ეს არის სატელეფონო საუბარი, რომელიც იგივე თემის გაგრძელებაა ანუ ვექტორი არის, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცნაირად რუსეთს ეხმარება სხვადასხვა ფორმით და ამის მტკიცებულებად არის ჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შეიძლება თქვენთვის არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ რაღაც გაგებით როგორც თავის თანაშემწესთან აგზავნის პრემიერ-მინისტრთან ადამიანს შეხვედრაზე.

იცით რა კითხვა მიჩნდება? ვითომ სტაბილური ჭაობი, რომელიც განპირობებულია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი ბრძოლით ერთმანეთთან, ხომ არ გამოდის რაღაცნაირად, რომ თიხის ფეხებზე ვდგავართ? შემთხვევით დასავლეთმა რომ დაიჯეროს აი, ეს ნარატივი, რომ „ქართული ოცნება“ მართლა რუსეთის მხარეზეა და რომ დაგასანქცირონ, ან თქვენი ლიდერი რომ დაასანქციორონ, მაშინ რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში?

ამაზე პასუხები გაქვთ ? ძალიან საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ასეთ რისკებს ითვალისწინებთ თუ არ ითვალისწინებთ? ეს საკითხი თუ დადგება დღის წესრიგში, რეაგირებას როგორ აპირებთ? მგონია, რომ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ ბევრად მეტი გაქვთ სათქმელი ამ სიტუაციაზე, ვიდრე უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გალანძღვაა.