მთავრობამ „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილება მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილება მიიღო.

მათივე ცნობით, დადგენილების მიღების მიზანია საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, რაც უზრუნველყოფს ამ პროდუქციის მაღალ ხარისხს.

დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი სერტიფიცირების ეტაპები, ბიზნესოპერატორის ვალდებულებები, ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდის პროცედურები, ინსპექტირების ჩატარებისა და სერტიფიკატის გაცემის პირობები. სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო.