მის მოსაზრებას კატეგორიულად არ ვიზიარებ, უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გადმოსახედიდან – დავით უსუფაშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე

ოპოზიონერი დეპუტატის, დავით უსუაშვილისთვის  მიუღებელია არესტოვიჩის მოწოდებები.

მისივე თქმით, საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

,,ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე მის მოსაზრებას, დაკვირვებას თუ გეგმას კატეგორიულად არ ვიზიარებ. მე მესმის საიდან მოდის ასეთი აზრი. საქართველო 2 თვის განმავლობაში განუწყვეტელ დაბომბვის რეჟიმში რომ იყოს რუსეთიდან, ჩვენც გვექნებოდა იმის მოთხოვნილება, რომ მთელმა მსოფლიომ რაღაცა გააკეთოს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გადმოსახედიდან და საქართველოს მხრიდან ახლა შეიარაღებული გზით რაიმეს კეთება აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით არის მიუღებელი და გამორიცხული.

ნუ ველოდებით იმას, რომ მთელი მსოფლიო ან არესტოვიჩი ყოველთვის საქართველოს ინტერესიდან დაინახავენ ცხოვრებას. ისინი თავიანთი ინტერესიდან ხედავენ, ეს არ არის ბოროტება, ეს არის სწორი მოვლენა,” – განაცხადა ,,ლელოს” წევრმა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა თბილისი ამას არა მხოლოდ არ აკეთებს, მეტიც, ცდილობს გაამართლოს რუსეთის პოზიციები.