ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო სატელეფონო საუბარი გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან.

მინისტრმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მხრიდან სოფელ გუგუტიანთკარში ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ.

„სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულ სურათს ფლობს სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესისა და საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკს სთხოვა, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და გატაცებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნება საკუთარ ოჯახებში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.