საგანგაშო მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებებში – მონიტორინგი გრძელდება

სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი გრძელდება. რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე შემოწმებულია 95 კლინიკა. დაიწერა 38  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.

ამ საკითხზე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ კაპანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

მისი განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებში დაღვევები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მონიტორინგი სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების მიხედვით მიმდინარეობს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მონიტორინგი ჩატარდება  ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.

თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის  სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით გატარდება ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.