“ოცნებაში“ პროცესის გაჯანსაღებაზე საუბარი დავიწყე მაშინ, როდესაც ამაზე არავინ ლაპარაკობდა საჯაროდ”

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროგნოზებს აფასებს.

“„ქართულ ოცნებაში“ პროცესის გაჯანსაღებაზე საუბარი დავიწყე მაშინ, როდესაც ამაზე ჩემს მეტი არავინ ლაპარაკობდა საჯაროდ. პოზიტიური უნდა იყოს ყველა გადაწყვეტილება, რომ პოზიტიური შედეგი მივიღოთ. ამის დეფიციტი არის მთელ პოლიტიკურ ე.წ. დღის წესრიგებში. იმდენი პროცენტით უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რა მასშტაბითაც აუცილებელია, რომ პოზიტიური შედეგები მივიღოთ,“ – აცხადებს ბიძინა გეგიძე.

გუნდის მოსალოდნელ განახლებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ბიძინა გეგიძის პოზიციაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ბევრად უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და საარჩევნო სიის ფორმირებაზე გაცილებით მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება უნდა იდგეს დღის წესრიგში.

გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში, ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ “ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, რაც მოსაგვარებელია. გუნდის ერთგვარ განახლებაზე საუბარი საჯაროდ პირველად სწორედ მე დავიწყე და დღემდე ამ პროცესზე ვსაუბრობ. ვინ შეიძლება წავიდეს და ვინ შეიძლება დაიკავოს კონკრეტული ადგილი, ამაზე ფიქრისთვის ნაკლებად მრჩება დრო, რადგან გაცილებით მწვავე სხვა პრობლემები არსებობს.”

ბიძინა გეგიძის განცხადებით, საარჩევნო სიის ფორმირება დამოკიდებულია პოლიტიკოსის იმ თვისებებზე, რომელიც მის პოლიტიკაში დარჩენას უზრუნველყოფს, ან პოლიტიკაში დარჩენისთვის აუცილებელია.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე აღნიშნავს, სიაში ადგილის დაკავება არ არის პრიორიტეტული მისთვის, მთავარია მასთან დაკავშირებული პროცესები იყოს ღია და ჯანსაღი.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ გეგიძე სუს-შია დაბარებული. ინფორმაციას სოციალური ქსელით თავად ბიძინა გეგიძე ავრცელებს.

-ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს – ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!

სუს-ში, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ბიძინა გეგიძის დაბარებას მისი თანაგუნდელი, აკაკი ზოიძე ეხმაურება.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის ამჟამინდელ საქმიანობას არ უკავშირდება. ზოიძე ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე, რომლის ირგვლივაც გეგიძეს გამოკითხვაზე იბარებენ, გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო.

სწორედ ამიტომ, ზოიძისთვის მიუღებელია ოპოზიციის განცხადებები, რომ გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერაზე უარის თქმას უკავშირდება. ზოიძე ამბობს, რომ ოპონენტების მიერ ყველაფრის პოლიტიკასთან დაკავშირება მისთვის მიუღებელია.