საარჩევნო გარემოსათვის ზიანის მიყენების მცდელობა – ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ პროვოკაციული ქმედებები ხორციელდება, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის, არამედ საარჩევნო გარემოსათვის ზიანის მიყენების მცდელობაც.

„ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც, ვითომდა მათ მიერ გადაგზავნილი საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების სიის მიღების დასადასტურებლად. ამ შინაარსის სატელეფონო ზარები დაფიქსირებულია გარდაბნის, მარნეულის, ზუგდიდის, თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში და ა.შ.

ცესკო არ გამორიცხავს ამგვარი ქმედებების გაგრძელებას, შესაძლო დამუშავებული ჩანაწერების გავრცელებას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს. დაკომპლექტებულია პროფესიული კადრებით, ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის მოთხოვნებით, მოქმედებს ამომრჩევლების ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი პროვოკაციული ქმედება ვერ შეუშლის ხელს, ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები.

ცესკო მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, უსაფრთხო და სანდო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.