უკრაინული მხრიდან განცხადებები შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული გახდეს, მაგრამ ჩვენ ქვეყანა გვაბარია და უნდა მივხედოთ მას მშვიდობიან, სტაბილურ პირობებში – თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა მტკიცებულებები იმაზე, რომ კოორდინირებული ძალისხმევა მიმდინარეობდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა იყო.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

როგორც წულუკიანი ამბობს, სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში საქართველოში ჩართული აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ბოლო დღეების განმავლობაში ბატონი არესტოვიჩის განცხადებების კასკადი ერთსა და იმავეს ადასტურებს. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვაცხადებდით, რომ კოორდინირებული ძალისხმევა იყო სახეზე, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა, თუ ეს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების განცხადებად რჩებოდა თებერვალში, უკვე მარტში უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა პირველი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ბოლო დღეებში კი ყველასათვის აშკარაა, რომ ჩვენი განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო რეალური. კოორდინირებული ძალისხმევა, რომლის, ჟარგონზე ვიტყვი, გაშიფვრაც ახლა მიმდინარეობს, თუ რა იდგა ამ ყველაფრის უკან, იყო რეალურ ფაქტებზე დამყარებული. კერძოდ, ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს სულ მცირე აგრესიულ, საომარ ვერბალურ პოლიტიკაში და პროცესში ჩართვა იყო მიზანი ამ კოორდინირებული ძალისხმევისა. რასაკვირველია, ამ ძალისხმევის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოში ამტყდარიყო ომი. ეს ასე ვერ მოხდა, ასე ვერ მოხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უნდათ, რომ ვიყოთ. სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში ჩართული აღმოჩნდა უკრაინული მხარე, ხოლო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკრაინაშიც მყარად აქვს ფესვები გადგმული“, – განაცხადა თეა ლუწუკიანმა.