ჩვენც ხომ ომში ვართ, ჩვენი ქვეყნის 3 000 წლის არსებობის მანძილზე ერთხელ მაინც ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას, რომ კრიზისის დროს ერთ მუშტად შეგვიძლია შეკვრა – ალეკო ელისაშვილი

ჩვენც ხომ ომში ვართ, ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას, რომ კრიზისის დროს, ერთ მუშტად შეგვიძლია შეკვრა, ერთხელ მაინც ვაჩვენოთ, ჩვენი ქვეყნის 3 000 წლის არსებობის მანძილზე, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, რამე თუ უხარია რუსეთს, არის ის, რაც პარლამენტის დარბაზში ხდება, კერძოდ, როგორ აყენებენ დეპუტატები ერთმანეთს შეურაცხყოფას.

„რა გვჭირს ხალხო. ჩვენ შვილებს რა ბედი ელით, არ გვადარდებს? რომ ბომბავენ ის უღმერთოები, ის ჭურვი არავის არჩევს, არც ზელენსკის მხარდამჭერს არჩევს და არც დანარჩენი პოლიტიკური პარტიების. მოდით, ეროვნულად შევხედოთ. არ გვინდა ეს ლანძღვა. გავიგეთ, რომ ერთმანეთი გვძულს, გაიგო მთელმა საქართველომ, რომ ერთმანეთის სიძულვილით ვართ შეპყრობილი. ერთმანეთს ვცეთ პატივი, ჩვენს ქვეყანას და იმ ლომებს ვცეთ პატივი. იმ ხალხს სოლიდარობა უნდა, ჩვენი ერთმანეთის ჯიჯგვნისა და ჩხუბის ყურება კი არ უნდა. მანდატი რომ მოგვცეს და ხელფასს რომ გვიხდიან, ჩვენგან უნდათ, გაიგონ, რა ელის ამ ქვეყანას. ამ ბეწვის ხიდზე რომ გავდივართ, რა ხდება, ამაზე ვილაპარაკოთ. ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას, რომ კრიზისის დროს, ომია, ჩვენც ხომ ომში ვართ, ერთ მუშტად შეგვიძლია შეკვრა, მოდით, ვაჩვენოთ, ერთხელ მაინც ჩვენი ქვეყნის 3 000 წლის არსებობის მანძილზე. გავუხაროთ უკრაინელებს გული. თუ რამე უხარია რუსეთს, აქ რაც ხდება, ამის ყურებაა, როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. კი, გინებაც ვიცით ყველამ, ჩხუბიც, დავერიოთ ერთმანეთს, მაგრამ ეს ენერგია, სულისკვეთება იმათთვის შემოვინახოთ.

თხოვნაა ეს მოწოდება კი არა, რომ მოდით, პარტიული ჭუჭრუტანიდან ნუ უყურებთ ერთმანეთს და ამ ქვეყანას, შევიკავოთ და მოვთოკოთ თავი. სიტყვას არ დავძრავ ღარიბაშვილზე, მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი იყო, რასაც ვისმენდი, მით უფრო იუნკრების მემორიალთან. ერთ შეფასებას არ ვიტყვი, მაგრამ ამისთვის აუცილებლად მოვა დრო, პასუხი უნდა აგოს ღარიბაშვილმა. თუ ვინმეს ნახვა არ მინდა დღეს, ის არის. მოგიწოდებთ და გთხოვთ ადამიანურადაც, სახელმწიფოებრივადაც, ეროვნულადაც, გადადგით ეს ნაბიჯი. გავიგეთ, რომ გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“ და აქეთ ვინც ვართ, შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ გადმოდგით ნაბიჯი ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იხოცებიან იქ, მხოლოდ თავის ქვეყნისთვის არა, მსოფლიო რომ ნორმალური იყოს, იმისთვის იხოცებიან. მოიწვიეთ გინდათ გაფართოებული სხდომა, გინდათ, დაარქვით უშიშროების სხდომა, დაუძახეთ ყველა აქ წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფს, თუ ფრაქციას, შევიკრიბოთ ღარიბაშვილთან, მოგვწონს, არ მოგვწონს, დღეს ის არის პრემიერ-მინისტრი და მოიქცეს როგორც ერის ლიდერი. მაგალითი არ გვყავს ზელენსკი? ისიც ხომ უკრაინის ნაწილმა აირჩია, მაგრამ ყველას ლიდერია. ხოდა გვაჩვენოს ესეც ღარიბაშვილმა. დაუძახოს ყველას, ჯერ გავიაზროთ, სად ვართ და ერთად მოვიფიქროთ.

ამ ხალხსაც აქვს გამოცდილება. მოგვწონს, არ მოგვწონს, ცხრა წელი ესენიც მართავდნენ, მათშიც არიან პროფესიონალები. გენერალი კაცი ზის დევი ჭანკოტაძე, 2008 წელს არტილერიას რომ ისროდა, გენერალი კაცი ლადო ჩაჩიბაია, რომლის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოვიწვიოთ ეს გაფართოებული სხდომა, ფორმატი მოვიფიქროთ, დავილაპარაკოთ, ავწონ-დავწონოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.