მამუკა მდინარაძე ოპოზიციას – რით ხართ დაკავებული? როგორ გავარუსოთ საქართველოს ხელისუფლება – მაშინაც ღალატობდით ქვეყანას და ახლაც ღალატობთ, რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით

არავის არაფერი გაგიკვირდეთ მას შემდეგ, რაც ვინმეს, ვინც ამას განსაკუთრებით არ იმსახურებს, დააბრალებთ რაღაცას და მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებთ. თუ რომელიმე თქვენგანისთვის მძიმე შეურაცხყოფა არ არის რუსული იარლიყის მიკერება, ეს თქვენი პრობლემაა – რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით? – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალურ მოძრაობას“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია გამოწვევების წინაშე ხელისუფლებასთან ერთად იდგეს, მმართველ გუნდს „რუსული ხელისუფლების“ იარლიყს აწებებს.

„რომელიმე თქვენგანი ომზე შეიკავებს თავს თუ ამის საჭიროება დადგება და ვინმეზე ნაკლებად უდუღს სისხლი? მაგრამ ბოლომდე უნდა იღვაწო და ყველაფერი გააკეთო, ქვეყანას სისხლის ღვრა ააცილო, თუ ამის შესაძლებლობა თეორიულად მაინც არის, მაგრამ თუ სხვა გზა არ იქნება, უნდა იბრძოლო და თავიც შეიძლება გასწირო. რა მარაზმია, რომ სამი დღის განმავლობაში უკრაინის ომის კვალდაკვალ, რუსეთის მიერ დაწყებული უბედურებით, მათი საქმით და ხოცვა-ჟლეტით სარგებლობთ. ამის კვალდაკვალ უნდა შეეცადოთ, რომ როგორც ოპოზიციამ 2008 წელს გააკეთა, ერთად დავდგეთ გამოწვევებთან – შევიკრიბოთ, ერთხმად როგორ ვილაპარაკოთ ამ თემებზე. თქვენი რით ხართ დაკავებული? – ჯერ შიგნით და მერე გარეთ, როგორ გავარუსოთ საქართველოს ხელისუფლება. მაშინაც ღალატობდით ამ ქვეყანას და ახლაც ღალატობთ. პასუხი გამეცით – რატომ ცდილობთ, თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას იარლიყი მიაწებოთ ისეთი, რაც, საუბედუროდ, ქვეყანასაც დააზიანებს. ამის გაკეთება შეიძლება? რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით, როგორ შეგიძლიათ ასეთ მარაზმში შეყოლა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური, ავადმყოფური მიზნები შეასრულოთ. ეს ნარატივი საიდან მოგაქვთ – შენი ქვეყნის ხელისუფლებას აზიანებდე რუსული იარლიყის მიწებებით? თუ საბრძოლოა, ვიბრძოლოთ, მაგრამ მანამდე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ გახდეს საომარი. თუ შეგიძლიათ, გაიგეთ, თუ არადა იმაზე მაინც მიპასუხეთ, რატომ უღალატეთ ქვეყანას 2008 წელს ომიდან 2 თვეში?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.