“სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა” – შალვა ხაჭაპურიძე

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ბრძოლის გაგრძელებას ქვეყნის გარეთ აანონსებენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ დასაკარგი დრო არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გასულ ღამეს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე საათით, მეტყველების უნარიც დაკარგა, აქვს სახსრების გაუსაძლისი ტკივილები, გრძელდება წონის კლებაც.

“ეს იყო პოლიტიკური შეკვეთა, რომელიც სასამართლომ შეასრულა. მიდის მსჯელობა რა ნაწილი გაგრძელდეს, როგორ გაგრძელდეს და ა.შ. ოღონდ საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით ბუნებრივია. მთელი ღამის განმავლობაში დაკარგა მეტყველების უნარი, დილით მოვიდა გონს და აღუდგა ეს ფუნქცია. 64 კილოგრამია, წონის კლება გრძელდება, აქვს საშინელი ტკივილები სახსრების”,- ამბობს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სააპელაციოს განცხადებით,  “არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი”.