ფაშინიანის ესკორტმა ავტოსაგზაო შემთხვევისას ორსული ქალი იმსხვერპლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ესკორტი ორსულ ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

Azatutyun.am-ის [რადიო თავისუფლების სომხეთის სამსახური] ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აპარატის წარმომადგენლის, ტარონ ჩახოიანის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანმა პირადად დაურეკა და მიუსამძიმრა 28 წლის ორსული ქალის, სონა მნაცაკანიანის მამას.

გამოცემა წერს, რომ პრემიერის აპარატმა მხოლოდ 24 საათის შემდეგ დაადასტურა, რომ ავტომობილი, რომელიც ქალს დაეჯახა, ფაშინიანის კორტეჟს ეკუთვნის. თავად პრემიერი კი, როგორც აპარატის წარმომადგენელმა თქვა, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილიდან 100-150 მეტრის მანძილის დაშორებით იმყოფებოდა, თუმცა, მომხდარის შესახებ მოგვიანებით გაიგო.

საგამოძიებო კომიტეტი ასევე ადასტურებს, რომ ავტომობილის საჭესთან მყოფი ოფიცერი ინციდენტიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე. ოფიციალური ინფორმაციითვე, ის დაკავებულია შემთხვევის ადგილის დატოვების, საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებებით.