მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რას აკეთებს უწყება იმისთვის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა უტარდება და მისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, როგორც კვების, ასევე ვიზიტორების მონახულების მხრივ.

„ვისაუბრებ იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომლის მიზანი არის პირდაპირ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მტკნარი სიცრუეა გამომდინარე იქიდან, რომ მას ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა, როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სულ ახლახან, რამდენიმე ხნის წინ ასევე გაყვანილი იყო კვლევებზე სამედიცინო მულტიპროფილურ დაწესებულებაში. ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქმის მას არ მიეწოდებოდა მკურნალობა, სრულიად კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მეორე, ასევე საუბარი იყო იმის შესახებაც, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, რაც ასევე ტყუილია.

ხაზგასმით უნდა ითქვა ისიც, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით. ასევე, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერის სახის პროდუქტი. მას ასევე აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ის ამას რეგულარული სახით ღებულობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს ის მშიერი რჩება, მიზანმიმართული ტყუილია და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ. ასევე, მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას“, – განაცხადა ბრეგაძემ.