გაირკვა რომ ევტუშენკოვი დაახლოებულია ბაიდენის ოჯახთან, იგი არის ბიზნესპარტნიორი, რის გამოც გათავისუფლდა აშშ-ის სანქციებისგან – ირაკლი კობახიძე

რაღაც კამპანიის აწევა სცადეს იმ საუბრის შესახებ, რომელიც არც ვიცით, შედგა თუ არა. თან საუბარია რაღაც ლაკონური ინფორმაციის გაცვლაზე, თუ ინფორმაციის გაცვლაც კი არ იყო, ეს კამპანია საპნის ბუშტივით გასკდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და უპასუხა კითხვა სავარაუდოდ, ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე.

კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ აღნიშნული რუსი ბიზნესმენი პირდაპირ დაახლოებულია ბაიდენის ოჯახთან.

„ანუ, მარტივად ჩავარდა და ეს კამპანია საპნის ბუშტივით გასკდა. როცა ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისიც არ ვიცით, ესაუბრა თუ არა, მაგრამ ორი წამი რატომ ესაუბრა რუს ბიზნესმენს, რომელიც ბაიდენის ოჯახთან არის პირდაპირ დაკავშირებული და ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორია, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული პიარკამპანიები და აქციები.

გავლენიანი მედიასაშუალებები, მათ შორის „დეილი მეილი“, „ნიუორკ პოსტი“, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ევტუშენკოვი არის დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან და არის ბიზნესპარტნიორი, საუბრობენ იმაზე, რომ ამის გამო გათავისუფლდა ევტუშენკოვი სანქციებისგან აშშ-ის მხრიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ საუბარია კონკრეტულ კავშირებზე, რომელიც არის დამყარებული ბაიდენის ოჯახსა და ამ კონკრეტულ რუს ბიზნესმენს შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ მას არ დაუწესდა სანქციები, როგორც ჩანს, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი და იმედია, ამ მიზეზით დაინტერესდება ბატონი კუბილიუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.