არ მჯერა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება – ვახტანგ მეგრელიშვილი

სააკაშვილთან მაინტერესებს პოლიტიკაზე საუბარი, რადგან არ მჯერა, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება. პრობლემის მოგვარების რეცეპტი პოლიტიკურ, არასამედიცინო ნაწილშია, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც სააკაშვილი დეპუტატ ექიმებს მის მონახულებას სთავაზობს.

მისი თქმით, ტექნიკურად თავად სააკაშვილის მიერ განსაზღვრულ ჯგუფში ხვდება, თუმცა, თავს არც ექიმად გრძნობს და არც ამ მიმართულებით საუბარი აინტერესებს სააკაშვილთან.

„მომწონს მისი განცხადების ის ნაწილი, რომ ადამიანი პირველად ამბობს, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს შეხვდება, უბრალოდ ჯგუფს ისე აყალიბებს, რომ ამაში ტექნიკურად მოვხვდი, მაგრამ არ მაინტერესებს. საუბრის არეალს ტყუილად მიზღუდავს, მე მინდა სხვა რამეზე საუბარი, იქნებ მასაც აწყობს, რადგან მასზე, როგორც ადამიანზე ვფიქრობ, რომ მისი პრობლემის წყარო არის თავისუფლების აღკვეთა, როგორ შეიძლება ციხიდან გათავისუფლდეს ამაზეა სასაუბრო, არ მჯერა იმ ნარატივის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს, მე მჯერა ამის პოლიტიკური გადაწყვეტაა საჭირო, „ნაციონალური მოძრაობის” და ,,ქართული ოცნების” ომის დასრულებაა წინაპირობა, რომ ის თავისუფლებაზე აღმოჩნდეს, მიხედოს ოჯახს და ცხოვრებას,”- განაცხადა მეგრელიშვილმა.