„ქართული ოცნების“ სპიკერების მიერ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის დაცინვა, მითუმეტეს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ხელ-ფეხშეკრული ადამიანის ცემის ტოლფასია – ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს”  ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ცინიკური განცხადებები ხელ-ფეხ შეკრული ადამიანის ცემას ჰგავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ დამძიმდება, შესაძლოა, ტრაგიკული შედეგით დასრულდეს.

„ეს პროცესი თუ გაგრძელდა ისე, როგორც ახლა ვაკვირდებით, შეიძლება, დიდი ალბათობით, ტრაგიკული შედეგით დასრულდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ხელისუფლებაშია ძალა, რომელსაც სამწუხაროდ, ჰუმანურობის არანაირი ნიშან-წყალი არ გააჩნია იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან არ მოგწონდეს სააკაშვილი და აბსოლუტურად ნორმალურია, როცა განსხვავებული აზრი არსებობს მასთან მიმართებით, მაგრამ პატიმრობაში მყოფი ადამიანის დაცინვა, მითუმეტეს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ხელ-ფეხშეკრული ადამიანის ცემის ტოლფასია. აი, ამას ვაკვირდებით ყოველდღე, ხელ-ფეხ შეკრულ ადამიანს სცემს ,,ქართული ოცნება” და მისი სპიკერები. ეს არის არაჰუმანური და უპასუხისმგებლო საქციელი. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს ჩვენს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ.

თუ ,,ქართულ ოცნებას” ნდობა არ აქვს იმ სპეციალისტების მიმართ, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს წარმოადგენენ, მაშინ მოიწვიონ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი სპეციალისტები და მათი დასკვნის საფუძველზე იმოქმედონ. სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნება” სრულად დესტრუქციული ძალაა. პასუხისმგებლიან ძალას უნდა აინტერესებდეს, რომ ეს პროცესი ტრაგიკული შედეგით არ დასრულდეს. ჩვენს ქვეყანას დამატებითი მადესტაბილიზებელი ფაქტორი არ სჭირდება”,-განაცხადა ჯაფარიძემ.