,,უნგრეთს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალ სანქციებს დღევანდელი ფორმით” – უნგრეთის პრემიერი

უნგრეთს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალ სანქციებს, რომელიც მოიცავს ემბარგოს ნავთობის იმპორტზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ იქნება უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული „ატომური ბომბი“ და დასძინა, რომ უნგრეთი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუ დაინახავს ახალ წინადადებას, რომელიც უნგრეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს.

ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა, რომ უნგრეთს დასჭირდება 5 წელი და განახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციებს თავის გადამამუშავებელ ქარხნებში და მილსადენებში, რათა შეძლოს მისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა, რომელიც დაახლოებით 65%-ით ეყრდნობა რუსულ ნავთობს.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება, პირველ რიგში, 5 წელი გვჭირდება, რომ ეს პროცესი დასრულდეს.  1-1,5 წელი არაფრისთვის არ არის საკმარისი. არ მინდა ევროკავშირთან დაპირისპირება. თანამშრომლობა მინდა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა ორბანმა.