,,ყველა ეტაპზე არასათანადო სამედიცინო მომსახურება ხორციელდებოდა” – ,,ემპათიას” ახალი დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ ,,ემპათია”-ს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ IV დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პენიტენციურ სისტემაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდებით.

,,ემპათია” წერს, რომ შეზღუდული ხასიათის სამედიცინო ინფორმაციისა და კლინიკური შემოწმების შეუძლებლობის პირობებში, ასკვნიან დიაგნოზებს.

,,Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი) (ნეიროლეფსიურ სინდრომზე) – ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics)”. – წერია განცხადებაში.

,,ემპათია” წერს, რომ დიაგნოზები დიდი ალბათობით პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია – გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებით აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასთან, შემდგომში, ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთან. შიმშილობის გახანგრძლივება კი გამოიწვია ტრავმული – სტრესული გარემოს ზემოქმედებამ. მათი დასკვნით, ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო–ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.

,,საგანგაშოა ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო – ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კუჭ – ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით. აღნიშნული მაჩვენებლები და წარმოდგენილი დიაგნოზები მიუთითებს ფსიქო – ფიზიკური ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე. ამას ემატება არასათანადო მკურნალობა, კერძოდ, წარმოდგენილი მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომურია და არა პათოგნომური, ამასთანავე, იგი ღებულობს 9 სახის მედიკამენტს ან/და დანამატს, რომელიც ეფექტის ურთიერთგაძლიერების მექანიზმით, შესაძლოა ამძიმებდეს პაციენტის მდგომარეობას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პაციენტი კვლავ ღებულობს ნეიროლეფსიურ პრეპარატს, რაც კორსაკოვის სინდრომის რისკის შემთხვევაში დაუშვებელია”, – წერს ,,ემპათია”.