გუშინ ღამით ბათუმში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაშალა – დაკავებულია 22 ადამიანი

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გვიან ღამით ხმაური იყო.

პოლიციელების მხრიდან აქციის დაშლის მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 22 ადამიანი დააკავა, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს წევრები. ისინი  დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ. მათ განაცხადეს, რომ სანამ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, აჭარის მთავრობის სახლთან უწყვეტ აქციას გამართავდნენ. სწორედ ამ მიზნით მიიტანეს იქ კარვებიც, თუმცა პოლიციამ ყველა კარავი წაიღო და აქცია დაშალა.