მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას აზრი არ აქვს – გამოსავალია მისი გათავისუფლება და „ნაცმოძრაობის” დაშლა – იაგო ხვიჩია

ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას, აზრი არ აქვს – გამოსავალი არის მტრობის დამთავრება, მტრობა დამთავრდება მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას” არ ექნება მტრის ხატი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო სერვისების მიწოდება საქართველოშიც არის შესაძლებელი, თუმცა, საზღვარგარეთ გადაყვანა მის გათავისუფლებას მოიაზრებს, რაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

„საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც” უნდა მივიდეს იმ გამოსავლამდე, რომელსაც კარგა ხანია ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის” დაშლა. სააკაშვილი გაათავისუფლონ ყველაფრის გარეშე ძალიან გაუგებარი და აუხსნელია ,,ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის იქნება აუხსნელი, რატომ აკეთებს ამას, თუ მტრობას არ ამთავრებს,”- აცხადებს ხვიჩია.

ცნობისთვის, გუშინ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის რუსთავის ციხესთან მისვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.