თუ პატიმარ სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება დადგება, ეს განხორციელდება – გურამ მაჭარაშვილი

,,ამ ეტაპისთვის პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საჭირო არ არის, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, მზადყოფნაც იქნება და ეს განხორციელდება, ზედმეტი ინტერპრეტაციები საჭირო არ არის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია.

„გუშინ, როდესაც ზოგიერთი მედიასაშუალებისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან იყო გაჟღერებული, თითქოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში იყო პატიმარი სააკაშვილი და აღმოჩნდა, რომ ის იქ არ იმყოფებოდა და სხვა პატიმარი იყო, მათ საერთოდ არ მოიკითხეს, რომელი პატიმარი და რა მდგომარეობაში გამოვიდა ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით პენიტენციური დაწესებულებიდან. ეს არის ის არასწორი მიდგომა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ. რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა პატიმრის მდგომარეობა როგორია, ამაზე სამწუხაროდ, არც მედიასაშუალებები და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ დაინტერესებულან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.