ბანერზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გამო ცხინვალი საკითხს IPRM-ზე დააყენებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ ორჭოსანთან დამონტაჟებული ოსური მხარის საინფორმაციო ბანერზე საქართველოს მოქალაქეების მიერ უკრაინის მხარდამჭერი წარწერების გამო და აცხადებს, რომ აღნიშნული ,,ვანდალიზმის” ფაქტზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM]-ის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე ისაუბრებს.

ოსური მხარის ცნობითვე, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია “ცხელი ხაზი”.

,,საშიში ტენდენციაა საქართველოში რევანშისტული განწყობებისა, რომელიც მხარს უჭერს ლუგანსკისა და დონეცკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის აგრესიას და შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების მორიგი გამწვევების მიზეზი გახდეს” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერი წარწერა Слава Україні! უკრაინული დროშის ფერების საღებავებით რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღმნიშვნელ ბარენზე საქართველოს მოქალაქეების ჯგუფმა გააკეთა.