გრიგოლ ვაშაძე ფარულ ჩანაწერებზე – მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს – ყველა დასასჯელია, ვინც ამას აკეთებდა, გინდა ოპოზიციაში იყოს ახლა, გინდა ხელისუფლებაში

მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს, – ასე ეხმიანება პარტია „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებთან სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

მისივე თქმით, სასაცილოა მოსმენების და ფაილების გამოქვეყნების „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადაბრალება, რომელიც ხელისუფლებაში უკვე დიდი ხანია აღარ არის, თუმცა, იქვე დასძენს, რომ „ყველა დასასჯელია, ვინც ამას აკეთებდა, გინდა ოპოზიციაში იყოს ახლა და გინდა ხელისუფლებაში“. ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში ამ საკითხზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

„ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია, მით უმეტეს, იმან, რაც შემდეგ მმართველმა გუნდმა განაცხადა – გეგონება, ეს ოპოზიციის მოწყობილია. ამისთანა სისულელის გაკეთება და შემდეგ ამისთანა სისულელის თქმა, საქართველოშიც კი წარმოუდგენელია, სამარცხვინოა. არასოდეს არაფერი არ გვეშველება, სანამ ეს პრაქტიკა გაგრძელდება. მეზიზღება ყველა ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს და ღმერთი, რჯული, არასოდეს არაფერი კავშირი არ მქონია სამართალდამცავ ორგანოებთან, მაგრამ ბოდიშს ვუხდი ქართულ საზოგადოებას, რომ თქვენ ამ საშინელი ფაქტის ობიექტი გახდით. სასაცილოა ეს, ის პარტია (“ნაციონალური მოძრაობა”) უკვე ათი წელია ხელისუფლებაში აღარ არის, ვის აქვს იმის ტექნიკური შესაძლებლობები, რომ 1500- მდე ფაილი ჩაიწეროს, მოამზადოს, ატვირთოს, მეორეც, მართლა მორალი ხომ უნდა გქონდეს? – როდის გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამოქვეყნება პრაქტიკა, შეამოწმეთ. ვინც ამას აკეთებს, საქართველოს მოქალაქეს უნგრევს რწმენას თავის სახელმწიფოში და ყველა დასასჯელია, ვინც ამას აკეთებდა, გინდა ოპოზიციაში იყოს ახლა, გინდა ხელისუფლებაში.

გამოძიების მე არ მჯერა, რამდენჯერ დაიწყო ეს გამოძიება ხომ გახსოვთ და წყალი რომ გადის ქვიშაში ისე გაქრა ეს გამოძიება. რაც შეეხება დაანონსებას (მდინარაძის მხრიდან, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება იგეგმება), ალბათ ვინც იცის, ის აანონსებს. ოპოზიციაზე გადაბრალებაზე სასაცილო რა არის? მაგრამ ხომ იცით, სიცილიდან ტრაგედიამდე ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა ვაშაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password