ირაკლი კობახიძე – ჯაფარიძემ არჩია სისტემას დაპირისპირებოდა – ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ პრინციპულად ვმოქმედებთ იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება

ჩვენ რომ ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა გვდომებოდა, დაახლოებით 4-5 თვის წინ შეგვეძლო 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ასეთი რამ 2-ჯერ არ გავაკეთეთ, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხისტად არ მოქმედებს, მაგრამ პრინციპულია იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება.

„კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი მხოლოდ პოლიტიკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებას იღებს. სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი კი პოლიტიკურს. პარლამენტს უფლებაც კი არ აქვს, რომ რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. სამართლებრივი საფუძვლით პარლამენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაშია საქმე. ჩვენ უნდა გვემსჯელა პოლიტიკური თვალსაზრისით მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ასე იმსჯელა პარლამენტმა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე აღნიშნავს,  ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის.

„ბადრი ჯაფარიძემ არჩია სისტემას დაპირისპირებოდა. გახსოვთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას. ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება და როდესაც პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება, ბუნებრივია, სისტემა მას პასუხს სცემს. ჩვენ რომ ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა გვდომებოდა, შეგვეძლო დაახლოებით 4-5 თვის წინ დაახლოებით 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ასეთი რამ 2-ჯერ არ გავაკეთეთ. ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ პრინციპულად ვმოქმედებთ იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება“, – განაცხადა კობახიძემ.