ლევან იოსელიანი – მომხრე ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგეს, რაც საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ

მომხრე ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგეს, რაც საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ, მანამდე ვერანაირი ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება გავაღრმავოთ თანამშრომლობა ამერიკასთან და ევროკავშირთან.

„როგორც კი საქართველოში დემოკრატიის ხარისხი შემცირდება, ჩვენი სტრატეგიული ქვეყნების ინტერესები შემცირდება. იმედია, ასეთი რამე არ ხდება, რადგან ავტომატურად რუსეთის გავლენა გაძლიერდება. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება გავაღრმავოთ თანამშრომლობა ამერიკასთან და ევროკავშირთან, რათა შევამციროთ რუსეთის გავლენა და შევძლოთ, დეოკუპაციის პოლიტიკის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც მეგობრების გარეშე არ შეგვიძლია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვის თქმით, რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.