„საქართველო თავის როლს ასრულებს სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში“ – დიდი ბრიტანეთის ელჩი

„პირდაპირ პასუხს გაგცემთ – არა, არ გვაქს, – ასე პასუხობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი კითხვას, აქვს თუ არა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მსგავსი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ელჩის შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა.

„პირდაპირ პასუხს გაგცემთ – არა, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, რის გაკეთებასაც დიდი ბრიტანეთი, „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის, ნატო-ს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ცდილობს, არის რუსეთისთვის მაქსიმალური საფასურის დაწესება და პუტინის სამხედრო შესაძლებლობებისთვის მათთვის საჭირო დაფინანსების წყაროების ჩამორთმევა ამ უკანონო ომის საწარმოებლად. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსული ბანკებიდან 900 მილიარდ ფუნტზე მეტი აქტივები გააყინა. ჩვენ ვიმუშავეთ სხვებთან ერთად, რათა ისინი SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამოგვერიცხა. ჩვენ გავყინეთ 260 000 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი. გარდა ამისა, ჩვენ დავაწესეთ სანქციები 1600-ზე მეტ პირის წინააღმდეგ და შევზღუდეთ რუსეთთან ვაჭრობა კონკრეტულ სექტორებში. ეს ყველაფერი გამიზნულია ამ არაპროვოცირებული შეჭრის საფასურის დაწესებისა და პუტინის ომის მანქანისთვის სახსრების ჩამორთმევის მიზნით.

საქართველო თავის როლს ასრულებს ამ პაკეტში. მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად. ჩვენ ვნახეთ მართლაც სწრაფი ქმედება ” – აცხადებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.