“კობახიძის პასუხმა სააკაშვილის პათოსი გამახსენა…”

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხს რუსეთთან ვიზების გამარტივების საკითხზე არჩილ გამზარდია ეხმიანება და ამბობს, რომ კობახიძის პასუხმა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი გაახსენა.

-„პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისეთი ხისტი პასუხი გასცა რუსეთთან ვიზების გამარტივების შესახებ შეკითხვას, რომ მიხეილ სააკაშვილის პათოსი გამახსენდა. პრინციპში, რუსთავი 2-ში ბევრად ხშირადაა, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ან ნებისმიერ სხვა არხზე, ამიტომ არც მაინცდამაინც მიკვირს.

ფაქტი კია, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ნარატივებს ხშირად იყენებს და საერთო ინტერესებითაც იკვეთება, როგორც ჩანს.

ერთი საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ირაკლი კობახიძემ, სამომავლოდ მაინც, რომ სანამ შეკითხვაზე პასუხს გასცემს, გაითავისოს, რომ სახელმწიფოს წარმოადგენს და სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა ამოვიდეს ნაცვლად პირადი თვითპრეზენტირებისა ან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისა.

სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობდა, ეგებ რუსული მხარეც წამოეყვანა ამისკენ, შეიძლება იყოს ეს თემა გარკვეული ვაჭრობის თუ დიპლომატიური გარიგების თემაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია ერთი რამ, პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ ხისტ, დაუფიქრებელ და კერძო ინტერესეის პროპაგანდისტულ პასუხებს არ უნდა აძლევდეს, როდესაც საქმე შეეხება იმ სახელმწიფოს, რომლის პარლამენტის თავმჯდომარესაც წარმოადგენს“-აცხადებს გამზარდია.

კომენტარის დატოვება