თეონა აქუბარდია: „მივმართავ მთავრობას, პარლამენტში დროულად შემოიტანოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და თავდაცვის კოდექსი, რომელიც ამ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“

„მივმართავ მთავრობას, პარლამენტში დროულად შემოიტანოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და თავდაცვის კოდექსი, რომელიც ამ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, – ამის თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ 2018 წელს ამბობდა, რომ დოკუმენტი იყო შემუშავებული და უსაფრთხოების კონცეფციაში შეიტანდა ცვლილებებს თუმცა, ომიდან გამომდინარე დოკუმენტი პარლამენტში განსახილველად არც შემოსულა.

„მინდა მოვუწოდო მთავრობას, სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რა არის საფრთხე და პრიორიტეტები. 2018 წელს მზად იყო თავდაცვის კოდექსი, ანუ ყველა ის კანონი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არის აუცილებელი. ყველა ჯერზე, ყველა მორიგი მინისტრი ამბობდა, რომ ეს კოდექსი მოაწესრიგებდა იმ პრობლემებს, რომელიც თავდაცვის კუთხით ქვეყანას აქვს. მოვუწოდებ მთავრობას, რომ თავდაცვის კოდექსი, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა განგვეხილა, ახლა მაინც შემოიტანოს პარლამენტში, რათა ის პრობლემები, რომელიც უნდა მოვაწესრიგოთ საკანონმდებლო დონეზე – იყოს დასრულებული და თავდაცვისუნარიანობას ჰქონდეს სამართლებრივი ბაზა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, საქართველოს დღემდე არ აქვს შეფასებული საფრთხეები და თავდაცვის ეროვნული სტრატეგია.

„იმ დროს, როდესაც ივნისში მადრიდის ნატო-ს სამიტი უნდა ჩატარდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ, თავდაცვის სტრატეგიის კუთხით, ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულება, შესრულებული იყოს და დაპირებები, რომელიც 2018 წლიდან გვესმის – იყოს შესრულებული. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მთავრობას, დროულად შემოიტანოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და თავდაცვის კოდექსი, პარლამენტში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.