პუტინი ამახინჯებს ისტორიას, ცდილობს გაამართლოს თავისი გაუმართლებელი ომი, რომელმაც მოიტანა სიცოცხლის კატასტროფული დანაკარგი – თეთრი სახლის პრესმდივანი

პუტინი ამახინჯებს ისტორიას, რათა შეძლოს თავისი დაწყებული ომის გამართლება – ასე აფასებენ თეთრ სახლში გუშინ მოსკოვში პუტინის გამოსვლას. თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი ვლადიმერ პუტინის განცხადებებს აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

„მაშინ, როცა პრეზიდენტი პუტინი და რუსი ხალხი გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ძალები ომის დანაშაულებს და სისასტიკეს სჩადიან უკრაინაში, როდესაც ისინი მონაწილეობენ სასტიკ ომში, რომელიც იწვევს უამრავ ტანჯვას და უაზრო ნგრევას. ეს დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის და მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების დამარცხების აღნიშვნის დღე უნდა იყოს.

ამას ყოველწლიურად აღნიშნავენ რუსეთშიც. ამის ნაცვლად, პუტინი ამახინჯებს ისტორიას და ცვლის ან ცდილობს შეცვალოს ისტორია, ცდილობს გაამართლოს თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი, რომელმაც მოიტანა სიცოცხლის კატასტროფული დანაკარგი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, უკრაინის მხარდასაჭერად ამ გადამწყვეტ მომენტში. საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ვიცით, პრეზიდენტი პუტინისა და კრემლის დეზინფორმაციის ქარხნის შესახებ. მინიშნება, რომ ეს ომი, რომელსაც პრეზიდენტ პუტინი ხელმძღვანელობს გამოწვეული იყო დასავლეთის აგრესიით ან დასავლური გეგმებით აშკარა სიცრუე და აბსურდია,” – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.