ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ამ ომით ფაქტობრივად მთელი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ წავიდა, უკრაინით კი მხოლოდ დაიწყო – რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა აუცილებელია

„რუსეთი ცდილობს გამოიყენოს გაზი, რათა მორჩილებაში ჰყავდეს მთელი ევროპული კონტინენტი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკეთის პოლიტიკოსებისა და ხალხისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა .

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მეგობრებს მოუწოდა, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე, რათა არ აღმოჩნდნენ მასზე პოლიტიკურად დამოკიდებულები.

„რუსეთის ომი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის არა მხოლოდ ჩვენი მიწის დაპყრობის, ჩვენი ხალხის დამორჩილებისა და უკრაინული თვითმყოფადობის წაშლის მცდელობა, არამედ რუსეთი ამ ომით ფაქტობრივად მთელი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ წავიდა, უკრაინით კი მხოლოდ დაიწყო.

ეს ომი სინამდვილეში რუსეთის მიერ იწარმოება ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლებსაც თავისუფლად ცხოვრება და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად არჩევა სურთ. ვისაც სურს თავად გადაწყვიტოს, რომელ კავშირებში იყოს, ვისთან იმეგობროს და როგორ ივაჭროს. ეს არის ომი თავად საერთო გაერთიანების პროექტის წინააღმდეგ, რომელიც ეფუძნება საერთო ფასეულობებს ჩვენს კონტინენტზე.

უკრაინამ გაიარა შეცდომები, საიდანაც მისმა მეგობრებმა შეიძლება ისწავლონ, რადგან რუსული ენერგორესურსები, განსაკუთრებით ნავთობი, არ არის მხოლოდ საქონელი, მათზე უარის თქმა აუცილებელია, რადგან ეს რეალურად თავისუფლების საკითხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.