ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტია მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს და შეუერთდეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნას.

ამის შესახებ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები მზად არიან ყოფილ პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.

როგორც იგი განმარტავს, ყველა ნაბიჯს დაუჭერენ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს.

„როგორც ვიცით, ყველა ექიმი ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა. პოლიტიკურად მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ეს არ არის ასეთი საკითხი. სუფთა, ადამიანური და ჰუმანიტარული საკითხია, რომელსაც მხარს ვუჭერთ. თავდებობაზე გვექნება მსჯელობა ფრაქციაშიც და სხვა პარტნიორებთან. ეს ხომ პოლიტიკური ჟესტია. ჩვენ, ,,სტრატეგია აღმაშენებელმა” ვთქვით, რომ ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს”,- აღნიშნავს ვაშაძე.