პოლონეთის პრემიერი – პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია, მსოფლიო „დეპუტინიზაციას” საჭიროებს

პოლონეთის პრემიერ -მინისტრის, მათეუშ მორავეცკის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია, რადგან მას აქვს სასიკვდილო იარაღი – ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, რაც მეოცე საუკუნის დიქტატორებს არ ჰქონდათ.

პოლონეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა საინფორმაციო სივრცე მილიონობით ყალბი ამბით დააზიანა, ამიტომ მსოფლიო „დეპუტინიზაციას” საჭიროებს.

„პუტინის იდეოლოგია „რუსულ სამყაროზე” – ეს მეოცე საუკუნის კომუნიზმის და ნაციზმის ტოლფასია. ეს არის იდეოლოგია, რომლის დახმარებითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებს და პრივილეგიებს საკუთარი ქვეყნისთვის. საჭიროა ამის აღმოფხვრა”, – თქვა მან.

მორავეცკი ასევე გამოეხმაურა პუტინის მიერ 9 მაისის აღლუმზე გაკეთებულ განცხადებას, როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ “რუსეთი დღეს ნაციზმს ებრძვის“.

„პუტინი – ეს არ არის ჰიტლერი და სტალინი. სამწუხაროდ, ის ბევრად საშიშია. თუ ევროპა არ შეაჩერებს მას, პუტინი გაგზავნის რუსეთის ჯარებს დანარჩენ ევროპაშიც. ჩვენი გადასაწყვეტია, სად შევაჩერებთ მას”, – დასძინა პრემიერმა.