,,ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური – მოვუწოდებ ადვოკატთა კორპუსს, რომ გამოხატონ სოლიდარობა საკუთარი კოლეგის მიმართ” – ალექსანდრე კობაიძე

,,ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური –  მოვუწოდებ ადვოკატთა კორპუსს, რომ გამოხატონ სოლიდარობა საკუთარი კოლეგის მიმართ” –  ამის შესახებ უფლებადამცველმა და პარტია ,,პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ ,,ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ და სასამართლომ.

,,რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ დასცინა მას, რაც გამოიხატება იმაში, რომ გვარამიას ჰქონდა სხვადასხვა ბრალდება, რაშიც გაამართლეს  და გაამტყუნეს მანქანის ეპიზოდში.

მოსამართლეს თავისუფლად შეეძლო, რომ მისთვის ნაკლები სასჯელი შეეფარდებინა, ისეთი როგორიც არის ჯარიმა, მაგალითად. მან არც ეს არ გააკეთა და მისცა 3.6 წელიწადი, რაც არის დასჯის ტოლფასი.  ამიტომ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ საქმეზე პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ, სასამართლომ. ჩვენ ასეთი სასამართლო არ უნდა გვქონდეს. განცდა გვქონდა ადამიანებს ასეთი, რომ  არც გვექნებოდა ასეთი სასამართლო 2012 წლის შემდეგ, მაგრამ სამწუხროდ ეს ასე არ არის და ფაქტია, რომ დღეს ისევ გვაქვს პოლიტიკური სასამართლო.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ და სოლიდარობას გამოხატავდნენ ჟურნალისტები, რომლებიც ედგნენ ნიკა გვარამიას გვერდით. ნიკა გვარამია ჟურნალისტთან ერთად არის ადვოკატი.

მე  მოვუწოდებ ყველა ადვოკატს, რომ მის ირგვლივ გაერთიანდნენ,  პატივი სცენ და გამოხატონ სოლიდარობა სხვადასხვა ფორმით მისმა კოლეგებმა. ასე, რომ მე მოვუწოდებ ადვოკატთა კორპუსს, რომ გამოხატონ სოლიდარობა და დაგმონ ის ფაქტი, რაც მოხდა,” – აღნიშნავს კობაიძე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე “რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.