კელი დეგნანი გვარამიას დაკავებაზე: ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები – ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა

ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი, ასევე არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი საქმეების შედეგების მიმართ.

„მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან დაკავშირებით, საქმეში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, პროცესთან დაკავშირებით. ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა. აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი „ქეისების” შედეგების მიმართ.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას ძალიან მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები კონკრეტული საკითხის და ზოგადად, სასამართლო სისტემის მიმართ.

„განსაკუთრებით. როდესაც საქმეში ჩართულია მედიაორგანიზაცია, ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს, რადგან ორი ძირითადი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპი დგება დღის წესრიგში, ეს არის მედიათავისუფლება და ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოზე. სწორედ ამიტომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოში მარტივად ხდება ხოლმე ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთის აზრის არგათვალისწინება.

ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტური პრინციპები იქნას დაცული და არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი, ასევე არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა. სწორედ ამ პროცესების გაუმჯობესება სჭირდება საქართველოს, რათა იყოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ყველას სურვილი გვაქვს, რომ ეს წარმატება ვიხილოთ. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად. ძირითადი და მთავარი ამ პროცესში კვლავ რჩება არსებითი რეფორმების გატარება, რაც ხელს შეუწყობს ამ დემოკრატიული პრინციპების დაცვას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.