„არა მგონია, რაც გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, ლოგიკაში არ ჯდება“ – საპატრიარქო გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს არ მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ანდრია ჯაღმაიძეს „TV პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა საპატრიარქო, მიმართოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

ჯაღმაიძის თქმით, გვარამიამ საპატრიარქო იმდენჯერ გალანძღა, რომ აღნიშნული მოთხოვნა ლოგიკას მოკლებული იქნება.

„არა მგონია, რაც გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, ლოგიკაში არ ჯდება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გუშინ, 16 მაისს, 3 წელი და 6 თვე მიესაჯა. გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გარდა ამისა, გვარამიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.