რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი, აპრილში 65-თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა, ხოლო ბულგარეთიდან და რუმინეთიდან 16 და 20-თეთიანი ფასნამატებით

რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავი, აპრილში, ბენზინგასამართ სადგურებზე 65 თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა, მარტში კი ფასნამატი 59 თეთრი იყო.

ამასთან, ბულგარეთიდან იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავი 16 თეთრიანი, ხოლო რუმინეთიდან კი, 20 თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა. ამის შესახებ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 55% ევროპულია, 45%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან.

2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავის 83% მოდის ზემოაღნიშნულ 3 ქვეყანაზე – რუმინეთი, ბულგარეთი და რუსეთი. გრაფიკებში წარმოდგენილია მსხვილი კომპანიების საცალო ფასი, ამავე კომპანიების მიერ ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება (საბაჟო ღირებულება), გადასახადები, საოპერაციო დანახარჯები (საშუალოდ 20 თეთრი 1 ლიტრ საწვავზე) და შესაბამისად ფასნამატი.

ანგარიშის მიხედვით, დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის იდენტურ ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-60 თეთრს, 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავზე.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან, კონკრეტულად კი რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავს, გარდა პირდაპირი იმპორტისა, საქონლის მოთავსება შესაძლებელია საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის რეჟიმში, რა დროსაც საქონელი არ არის მოქცეული თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და არ არის გადახდილი საბაჟო გადასახადები – დღგ და აქციზი. საქონლის ქვეყანაში შემომტან კომპანიას, შეუძლია პროდუქციის რეალიზება მოახდინოს უშუალოდ საბაჟო საწყობიდან და შემძენის მიერ მოხდება საქონლის მოქცევა კონკრეტულ – იმპორტის პროცედურაში. აღნიშნულ პრაქტიკას ხშირად აქვს ადგილი რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში და ხასიათდება კონკრეტული სპეციფიკით, კერძოდ, რუმინეთიდან საწვავის იმპორტს ახორციელებს მხოლოდ 1 ეკონომიკური აგენტი, რომელიც საცალო ქსელში პროდუქციის გატანის მიზნებისთვის იმპორტის პროცედურაში ძირითადად აქცევს (ან/და ახორციელებს პირდაპირ იმპორტს) მაღალი თვითღირებულების მქონე საქონელს (გრაფიკი 5), ხოლო საბაჟო საწყობიდან ქვეყანაში მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებზე საბითუმოდ ახორციელებს იმ მარაგის რეალიზაციას, რომელიც გამოირჩევა დაბალი თვითღირებულებით (მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 40 თეთრს).

საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან – 31.2%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი – 24.1% და რუსეთი – 17.8%:

 

წაიკითხეთ ანგარიში სრულად.