ირაკლი ლექვინაძე: ზოგადად, საწვავის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ფასზე, რომელიც დღეს არის პიკში, თუმცა, ადგილობრივი ვალუტის გამყარების ტრენდის გათვალისწინებით, არის მოლოდინი, რომ მცირე კორექტირება შეიძლება მოხდეს ფასების კუთხით

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რომ ბაზარზე იყოს უფრო მეტი კონკურენცია და ეს ნიშნავს უფრო მეტ მისაღებ ფასებს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან“ საწვავის ფასების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი მთავარი შეკითხვა კერძო სექტორთან შეხვედრის იყო – როდესაც თვითღირებულება ევროპულ და არაევროპულ საწვავს აქვს განსხვავებული და არაევროპულის შემთხვევაში ფასნამატები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა პერიოდთან შედარებით, რატომ არ მოხდა ოპტიმალურ დროში მოქალაქეებისთვის ფასის მიწოდება. მართალია, რომ გარე ბაზრებზე საკმაოდ ძნელად პროგნოზირებადი ვითარებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მსხვილი კომპანიები მოძებნიან რესურსს როგორც იაფი საწვავის მოძიების და მოწოდების მიმართულებით, ასევე, ფასისი კორექტირების რესურსს, იმ შემთხვევაში, რომ არ გაიზარდოს ფასის ნამატი. მთლიანობაში, ოპტიმალურ, მისაღებს ფასად მოხდეს მოქალაქეებისთვის საწვავის მიწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რომ ბაზარზე იყოს უფრო მეტი კონკურენცია და ეს ნიშნავს უფრო მეტ მისაღებ ფასებს მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება მოლოდინს ფასებთან დაკავშირებით, საკმაოდ რთულია, რადგან ეს დამოკიდებულია მსოფლიო ფასზე, რომელიც დღეს არის პიკში, თუმცა, ადგილობრივი ვალუტის გამყარების ტრენდის გათვალისწინებით, იმ წყაროების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს ალტერნატივების სახით, გარკვეულწილად, არის მოლოდინი, რომ მცირე კორექტირება შეიძლება მოხდეს ფასების კუთხით“, – განაცხადა ლექვინაძემ.