,,შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია” – ირაკლი ღარიბაშვილი

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში – პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტში – პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, ევროკომისიაში – უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,“- აღნიშნულია განცხადებაში.