,,საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა” – თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი თავის Telegram არხზე საქართველოს შესახებ წერს და “ქართულ ოცნებას” აქებს.

ის ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების “გაწონასწორებულმა პოზიციამ” სასიამოვნოდ გააოცა.

“ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე.

არ მინდა ცუდზე ვწერო, კარგი სიახლეები კი ბოლო წლებში იქიდან არ ყოფილა. ან გავრილოვს პარლამენტში არასწორ სავარძელზე დასვამენ, ან პოზნერის დაბადების დღეს ჩაშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველიც ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.

საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში, უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ. “ქართული რუკის” გატეხვა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ საქართველომ გახსნას “მეორე ფრონტი” აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დააწესოს გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის სამხედრო გზით. ეტყობა, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები 10 წლის წინ დაემშვიდობნენ მიშას და გასტროლებზე გაგზავნეს.

მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საკუთარ ფეხში გასროლა უწოდა”, – წერს კანდელაკი.