,,კარასინთან სატელეფონო კომუნიკაციისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს” – ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან.

როგორც აბაშიძემ საქართველოს განაცხადა სატელეფონო კომუნიკაციისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს.

„შედგა სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან. მან გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, ეს მათი მხრიდან არ დარჩება უყურადღებოდ. მან ასევე თქვა, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. მოგეხსენებათ, ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა“, – განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრისას საავიაციო რეისების აღდგენის საკითხები არ განხილულა.