იაპონია უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას $600 მილიონამდე გაზრდის

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია უკრაინისთვის დახმარებას $600 მილიონამდე გაზრდის, რაც ქვეყნის წინა ფინანსურ დახმარებას, $300 მილიონს გააორმაგებს.

კიშიდას თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინამ დახმარების საჭიროება გამოთქვა რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო.

“იაპონია უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს G7-თან და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით,” – თქვა იაპონიის პრემიერმა.

კიშიდამ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოლაპარაკებებზე იაპონიის პოზიციას განიხილავს კონფლიქტთან დაკავშირებით.

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა. იაპონიამ შეაჩერა ვიზების გაცემა და აქტივები გაუყინა მათ, ვინც ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობას აღიარებს.