,,პირადად ვაგზავნი თხოვნას აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა გამოხატონ მზაობა, მიხეილ სააკაშვილს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარონ” – თამარ კორძაია

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, პირადად ვაგზავნი თხოვნას აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მათ გამოხატონ მზაობა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით წერილს დღეს ოფიციალურად გაგზავნის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

„მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან დღემდე არაერთ დარღვევას ჰქონია ადგილი მის უფლებებთან დაკავშირებით. ხელისუფლება სრულიად უკანონოდ არ ასაჯაროებს და მის ადვოკატებს არ აძლევს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.

ასევე, ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ადვოკატები ყველა სასამართლო სხდომაზე აყენებენ შუამდგომლობას ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მაგრამ სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს ამ პროცესს. იცით, რომ მე გასულ კვირას მივმართე იუსტიციის მინისტრს და ვთხოვე მოეწვია აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზა, თუ ისინი თვლიან, რომ საქართველოში ექიმები, ყველა მოსყიდული ჰყავს სააკაშვილს.

ამასთან დაკავშირებით მივიღე სრულიად აგდებული პასუხი. რატი ბრეგაძე დაინტერესდა, რა სამედიცინო განათლება მაქვს. აქვე ვპასუხობ, რომ ის, რაც მას აქვს. როგორც იურისტი მას მივმართავ, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პროცესის მონაწილე მხარეს, უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტიზა და სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ეს.

გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო აყოვნებს, ხოლო იუსტიციის მინისტრი არაფერს აკეთებს, რომ ეს განხორციელდეს, მე დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, პირადად ვაგზავნი თხოვნას „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მათ გამოხატონ მზაობა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კორძაიამ.