,,ჩუტყვავილას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ვირუსთან და შესაბამისად, ჩუტყვავილას აცრაც ვერ იქნება შედეგიანი” – ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილზე

ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის თქმით, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები არ არის ახალი და ის ფიქსირდებოდა ხოლმე აფრიკის კონტინენტზე.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაურკვეველია ჯერჯერობით თუ როგორ მოხდა ვირუსის აფეთქება.

,,მაიმუნის ყვავილის შემთხვევები არ არის ახალი. ის ფიქსირდებოდა ხოლმე ძირითადად აფრიკის კონტინენტზე. ამჟამინდელმა აფეთქებამ იმიტომ გამოიწვია ასეთი შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომ დადასტურებული შემთხვევებიდან არცერთს არ აქვს მოგზაურობის ანამნეზი აფრიკაში ან ცხოველებთან კონტაქტი. შესაბამისად, რჩება გაურკვეველი თუ როგორ მოხდა აფეთქება და რასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება მის გავრცელებას, გადამტანები არიან მღრღნელები და პრიმატები. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც ხდება მჭიდრო კონტაქტით, წვეთების გზით, სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტით. გავრცელების სისწრაფე არ არის ბოლომდე დადგენილი. სიმპტომები არის ყვავილისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მსგავსი, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქია. თავიდან იწყება, როგორც გრიპი: მაღალი სიცხით, კუნთების და თავის ტკივილით, შემცივნებით და დაახლოებით ორ-სამ დღეში იწყება გამონაყარი.

არსებობს მაიმუნის ყვავილის ორი შტამი, ერთ მათგანს ლეტალობის 3 ხოლო მეორეს – 10 პროცენტი აქვს. რაც შეეხება ჩუტყვავილას, ეს არის ტერმინოლოგიური აღრევა. ჩუტყვავილას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ვირუსთან და შესაბამისად, ჩუტყვავილას აცრაც ვერ იქნება შედეგიანი. საუბარია ყვავილის ვაქცინაზე, რომელიც იცავც მაიმუნის ყვავილისგანაც. თუმცა, მოგეხსენებათ რომ ყვავილის აცრით აცრილები არიან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 80-იან წლებამდე” – განაცხადა მაია ბიწაშვილმა, ,,ფორმულას” ეთერში.